საქართველო-ევროკავშირი

ზარქუა დემარშზე: ამ ქმედებით ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ამ ქმედებით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მორიგი შეცდომა დაუშვა.

"ამ ქმედებით ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა. იმიტომ, რომ იცით, ეს არის დემარში ნომერი ორი. პირველს შეგახსენებთ, როდესაც, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ელჩებს ხელი მოაწერინეს. არ ვიცი, სავარაუდოდ, ამ ქმედებებს ერთი დირიჟორი ჰყავს [...] მერე, რა მივიღეთ? სტრასბურგის სასამართლომ რა თქვა? სააკაშვილი არც მოწამლულიაო და არც არათუ მისი ქვეყნიდან გაყვანის, არამედ, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ანუ, ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ - აზრზე მოდით, შეცდომაში ხართ შეყვანილი. აი, ეს იყო [...] არც ამ დემარშის საფუძველი არ არსებობს. აქ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ". - თქვა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.


10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები