საქართველო-რუსეთი

პუტინი: მეჩვენებოდა, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მან ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მრავალჯერ დააყენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების განახლების საკითხი. ამის შესახებ მან ორგანიზაცია საქმიანი რუსეთის შეხვედრაზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, რუსეთი წინ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება "პარტნიორების" რეაგირებაზე.

"მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა საკითხს ვიზების გაუქმებასა და ნორმალური საჰაერო გადატანის განახლებაზე. და ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯი გადავდგით. მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ეს ჩვენი საქმე არაა, დაე ხალხმა თავისით გადაწყვიტოს რა გზით წავა საქართველო, როგორ განვითარდება და ა.შ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავიაროთ გზის ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ საპასუხო ნაბიჯებს წინ და ასე გავაგრძელებთ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს პარტნიორებს". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი რეისების განახლების გადაწყვეტილება მარტომ მიიღო. მისი მტკიცებით, მას სურდა იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის გამართვა სურს.

"თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის ვცდილობ, რომ კოლეგებს შორის გავანაწილო ყველაფერი დადებითი, რაც ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში, ნამდვილად, ეს ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი შეთავაზებაც კი იყო... მსურდა მხარი დამეჭირა ხალხისთვის, ვისაც რუსეთისა და საქართველოს ნორმალური ურთიერთობის გამართვა სურს, ჩვენი ბიზნესისთვის და უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საქართველო უყვართ, იქ ჩასვლა უნდათ, დასვენება, ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან შეხება და ა.შ.". – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, პუტინმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების განახლებაზე. მისი თქმით, ფიქრობს, შეიშალა თუ არა ხალხი საქართველოში.

"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მეგონა, ყველა იტყოდა, რომ, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ დაიწყო რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი მღელვარება ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია. და, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, სულ გაგიჟდნენ თუ რა ხდება? რა ხდება მათთან, გაუგებარია". – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები