იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ხაბულიანი იუსტიციის საბჭოზე: არჩეული 3 წევრისთვის ხმა არ მიმიცია, მხარს ნიშნიანიძეს ვუჭერ

IPN

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას დეპუტატი დილარ ხაბულიანი უარყოფს, რომ 17 მაისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არჩეულ კანდიდატს ხმა მისცა. მისი თქმით, მხარი მხოლოდ ნინო ნიშნიანიძეს დაუჭირა, რომელმაც საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა და კენჭისყრის მომდევნო ტურში გადავიდა.

"ერთიანი ეროვნული ხელისუფლების დროს გავიცანი და მას შემდეგ მოვდივართ და ვიცნობ ძალიან კარგად. უფრო კარგ ადამიანს, კომპეტენტურს, განათლებულს... იქ ოცნებაზე ლაპარაკი და რაღაც კლანზე საუბარი ზედმეტია და ვიღაცა კლანი, ეგ არის გამორიცხული საერთოდ.

[ნინო ნიშნიანიძე] არის დამოუკიდებელი, უნიჭიერესი, უწესიერესი ადამიანი, მე მას პირადად ვიცნობ. როდესაც მისი კანდიდატურა განიხილეს, მე მოვედი პარლამენტში, არ ვიყავი ვალდებული, რომ ჩამებარებინა ვინმესთვის, მაგრამ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ოპოზიციონერებს, ყველას განვუცხადე, რომ ამ ადამიანს ვუჭერდი მხარს...

რა თქმა უნდა, მე არ დამიჭერია მხარი [სამი არჩეული კანდიდატისთვის], მე დავუჭირე მხარი  იმას, ვისაც ვუჭერდი და როცა დადგება მისი კანდიდატურა, აუცილებლად დავუჭერ", - უთხრა ხაბულიანმა ფორმულას.

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა, იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ. ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვეს. საგანგებო ბრიფინგზე მაჭუტაძემ თქვა, რომ "ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი".

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ლევან ბეჟაშვილმა 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის საერთო "ჩათში" საგანგებოდ დაწერეს ოთხი პირის გვარი, რომლებისთვისაც უნდა მიეცათ ხმა და არცერთი სხვა კანდიდატის მიმართ არ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას ისინი არ ეთანხმებოდნენ და ამის შესახებ მათმა კოლეგებმაც იცოდნენ. 

ამის შემდეგ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ ბრიფინგზე ნახსენები ოთხი კანდიდატის - სალიას, საჯაიას, წიქარიშვილისა და მუხაშავრიას გარდა, საერთო "ჩატში" მეხუთე გვარიც, ნიშნიანიძეც იყო ნახსენები.

"მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა ქართულმა ოცნებამ, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და ნახავთ, რომ იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთერთი არის ნიშნიანიძე.

როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ - ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს. ნაციონალური მოძრაობა გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან.  მე ცხადია, კითხვები მექნება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?".- თქვა ჩხეიძემ.

კომენტარები