რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

"უკრაინული უეკიპაჟო კატერების მოძრაობის მიმართულების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი გაუშვეს ოდესის პორტის აკვატორიიდან, რომელიც "შავი ზღვის ინიციატივის" რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი. მათი განლაგება მოხდა ჰუმანიტარული დერეფნის რაიონში, რომელიც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანისთვისაა გააქტიურებული". – წერია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბრალდებაში წერს, რომ ქმედებები "საფრთხის ქვეშ აყენებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ". 

გასულ დღეს რუსეთის მხარე ამტკიცებდა, რომ ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს თავს უპილოტო აპარატებით დაესხნენ და შეტევა მოიგერიეს. აქამდე, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელეს 22 მარტსაც. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არასწორად აქვს მითითებული. 

რუსეთის თავდაცვის უწყება იხსენებს, რომ გასულ წელს მსგავსი ბრალდებების შემდეგ მარცვლეულის შეთანხმება დროებით შეაჩერეს და მხოლოდ თურქეთის მიერ გარანტიების მიცემის შემდეგ განაახლეს. 

რუსეთი უკრაინას შეთანხმების დარღვევაში გასულ დღეებშიც ადანაშაულებდა.

კომენტარები