დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

მაკრონი ტაივანზე: აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას არ უნდა მივდიოთ

ემანუელ მაკრონი და სი ძინფინგი ჩინეთში, 2023 წლის 7 აპრილი.
Jacques Witt / AFP via Getty Images

POLITICO-სთან საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ტაივანთან მიმართებაში ევროპა არც აშშ-ს და არც ჩინეთის პოზიციას არ უნდა მიჰყვეს.

მაკრონმა ისაუბრა ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიაზე", რისთვისაც, მისი აზრით, საჭიროა არ მოყვნენ სხვის კონფლიქტებში.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

"პარადოქსი იქნება, პანიკაში ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ ამერიკის მიმდევრები ვართ... კითხვა, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელებმა ამ საკითხზე აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას მივდიოთ". – თქვა მაკრონმა POLITICO-სთან.

მას შემდეგ, რაც მაკრონმა დატოვა ქალაქი გუანგჭოუ, სადაც პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო.

ფრანგი მაღალჩინოსნების თქმით, მაკრონმა და სი ძინფინგმა ტაივანის საკითხი "ინტენსიურად" განიხილეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მაკრონს ვიზიტის დროს ახლდა, აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტეში სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს და სტატუს ქვოს შესაცვლელად ძალის გამოყენება მიუღებელია. მაკრონს სურს, რომ ენერგოსექტორსა და შეიარაღებაში ევროპამ აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს. ასევე, ის თვლის, რომ შესამცირებელია დოლარზე დამოკიდებულებაც, რაც მოსკოვისა და პეკინის ერთ-ერთი მთავარი მიზნებიცაა. 

კომენტარები