სახალხო დამცველის აპარატი

იოსელიანი მოადგილეზე: თუ ადამიანი პროფესიონალია, მისთვის ალეკოსთან ნათესაობა განაჩენი არაა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის, ნათია ჯულაყიძის დანიშვნას გამოეხმაურა. იოსელიანის თქმით, თუ ადამიანი პროფესიონალია, ელისაშვილთან ნათესაობა მისთვის რაღაც განაჩენი არ არის.

"ნათია ჯულაყიძე, რომელიც ჩემთან წლების განმავლობაში მუშაობდა, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, არის ჩემი ერთ-ერთი მოადგილე და ასე ვთქვათ, ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მე თავად პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიაში ჩემთან მუშაობდა, ბუნებრივია, ისიც რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, ისევე, როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია და პოლიტიკასთან კავშირი არცერთს აღარ გვაქვს. რაც მთავარია, ეს დანიშვნა არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ნეპოტიზმს. ის ჩემი ნათესავი არ არის, ალეკოს ნათესავია. თუ ადამიანი პროფესიონალია, ალეკოსთან ნათესაობა მისთვის რაღაც განაჩენი არ არის და ნათია ნამდვილად არის პროფესიონალი. ის კომპეტენტურია და მე ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ ამ ნიშნით შევთავაზე. დარწმუნებული ვარ, ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. ამისთვის სხვა რაიმე კუდის მობმა ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ, რომ მე არც ალეკოს და არც არავის ხათრით არავის დავნიშნავ". - თქვა იოსელიანმა 1 არხის ეთერში.

სახალხო დამცველის ახალი მოადგილე ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ ის ლევან იოსელიანთან წლების განმავლობაში მუშაობდა და პარტია მოქალაქეების პოლიტიკური საბჭოს წევრიც იყო. ჯულაყიძე ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას, ომბუდსმენის მოადგილე ამბობს, რომ აუცილებლად გააკრიტიკებს. 

ახალმა სახალხო დამცველმა, პარტია მოქალაქეების ყოფილმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა - ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. 

"ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაური კი, კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ პოსტები დატოვეს.

 

კომენტარები