სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენის მოადგილე: ელისაშვილი ბიძაჩემია, იოსელიანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი

სახალხო დამცველის ახალი მოადგილე ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ ის ლევან იოსელიანთან წლების განმავლობაში მუშაობდა და პარტია მოქალაქეების პოლიტიკური საბჭოს წევრიც იყო. ჯულაყიძე ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

"კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით.

აქედან გამომდინარე, მეც, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი, ისე ვეხმარებოდი და მერე როგორც უბრალოდ რიგითი წევრიც, ვიყავი პარტიის. კი, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი." - ამბობს ჯულაყიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას, ომბუდსმენის მოადგილე ამბობს, რომ აუცილებლად გააკრიტიკებს. 

"აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ ალეკოს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოდესღაც, სადღაც ერთი და იმავე ღირებულებებს ვიცავდით და რავი, ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი, არ შემიშლის ხელს, პირიქით, ძაან ესეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. ვიქნები პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს."- ამბობს TV პირველთან ლევან იოსელიანის ახალი მოადგილე.


ახალმა სახალხო დამცველმა, პარტია მოქალაქეების ყოფილმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა - ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. 

"ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაური კი, კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ პოსტები დატოვეს.

კომენტარები