საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის საპროტესტო აქციების დროს ბორდოს მერიას ცეცხლი წაუკიდეს

საფრანგეთში საპენსიო ასაკის ცვლილების გამო საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტანტებმა ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. 

ხანძარი მალევე ჩააქრეს, თუმცა უცნობია, ვინ იყო ბორდოს მერიის ხანძარზე პასუხისმგებელი.

23 მარტს  საფრანგეთის მასშტაბით ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზში საპროტესტო აქციას 119 000 ადამიანი შეუერთდა.

პოლიციამ დედაქალაქში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 80 ადამიანი.


16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო.

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს.

კომენტარები