საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

ძალადობისა და ფარისევლობის პრეზიდენტი – დემონსტრანტებმა მაკრონს სიტყვა შეაწყვეტინეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამოსვლა 11 აპრილს ნიდერლანდებში შეწყდა დემონსტრანტების გამო, რომლებმაც მაკრონის მიერ ინიცირებული და დაკანონებული საპენსიო რეფორმა გააპროტესტეს.

"ვფიქრობ, რაღაც დავკარგეთ, სად არის საფრანგეთის დემოკრატია? [...] რატომ აუარე გვერდი  საფრანგეთის პარლამენტს?" -ყვიროდნენ დემონსტრანტები. მოქალაქეების პროტესტი საფრანგეთში პრეზიდენტის საპენსიო რეფორმის გამო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

ბანერზე, რომელიც დემონსტრანტებს თან ჰქონდათ, ეწერა: ძალადობისა და ფარისევლობის პრეზიდენტი.

ინციდენტის შემდეგ მაკრონმა განაახლა თავისი გამოსვლა და თქვა, რომ ეს არის დემოკრატია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გქონდეს მსგავსი ინციდენტები, განსხვავებით მსოფლიოს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან.


საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს. 

16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო.

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს. სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს ინიციატივას მხარი 278-მა დეპუტატმა დაუჭირა. უნდობლობის გამოცხადებისთვის კი სულ მცირე 287 ხმა იყო საჭირო.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, უნდობლობის საკითხის არ დაკმაყოფილების შედეგად, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ითვლება.

კომენტარები