საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს. სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს ინიციატივას მხარი 278-მა დეპუტატმა დაუჭირა. უნდობლობის გამოცხადებისთვის კი სულ მცირე 287 ხმა იყო საჭირო.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, უნდობლობის საკითხის არ დაკმაყოფილების შედეგად, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ითვლება.

მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობის ჩავარდნის შემდეგ, პარიზსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები განახლდა. პროფკავშირები კი საპენსიო კანონპროექტის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავენ.

უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობის შესახებ საფრანგეთის პარლამენტში კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ემანუელ მაკრონის მთავრობამ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტის მისაღებად  საფრანგეთის კონსტიტუციის 49.3 მუხლი გამოიყენა, რომელიც სადავო უფლებამოსილებათ ითვლება, რადგან ამ გზით საფრანგეთის მთავრობას კანონმდებლობის მიღება, კენჭისყრის გვერდის ავლით შეუძლია.


ორ კვირიანი დებატებისა და პროტესტის შემდეგ, 16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო.

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს. 

ათასობით ადამიანი მთავრობის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები