დეოლიგარქიზაცია

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორეზე დააბრუნა

21 მარტს პლენალურ სხდომაზე პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე - მუხლებრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა.

პლენალურ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.

“ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ საკითხები, რომლებიც, ვენეციის კომისიის შეფასებით, დაზუსტებას და გამართვას საჭიროებს” - თქვა ანრი ოხანაშვილმა პლენალურ სხდომაზე.

16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის კანონპროექტი გადაუგზავნა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შუალედური მოსაზრება რომელშიც საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოიშვას. მოსაზრებაში ნახსენებ პრობლემებში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე არასათანადოდ განმარტებულ ტერმინს, არსებობს მთავრობის მიერ მისი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე და შესაძლოა დაარღვიოს ადამიანის უფლებათა კონვენციის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება. კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ოლიგარქიზაციის პრობლემის გადასაჭრელად სხვა მეთოდებს მიმართონ. 

მოსაზრებაში ნახსენებია, რომ ნახსენები კანონპროექტი უკრაინული კანონისგან განსხვავდება იმით, რომ პირველ შემთხვევაში ოლიგარქად გამოცხადების გადაწყვეტილებას პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, საქართველოს შემთხვევაში კი ხელისუფლება იღებს. სწორედ ამიტომ, არაერთხელაა ნახსენები, რომ "ოლიგარქად" გამოცხადება ხელისუფლებამ პარტიული მიზნებით არ უნდა გამოიყენოს.

ამასთან, კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია ისიც, რომ პირის ოლიგარქად გამოცხადება ეყრდნობა გაუგებარ კრიტერიუმებს.

ვენეციის კომისიის შეფასებით, "კანონპროექტი მთავრობას აძლევს ზედმეტ დისკრეციას, გადაწყვიტოს რა ინფორმაცია მოაგროვოს, შეაფასოს და დაამუშაოს, ვის მიერ და როგორ გადაწყდეს, თუ ვინმე "ოლიგარქად" გამოცხადდება".

კომენტარები