რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრი პესკოვი: მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება

დმიტრი პესკოვი
TASS

დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება

"ჩვენ უკვე არაერთხელ გავეცით პასუხი მობილიზაციასთან დაკავშირებით შეკითხვას. ეს საკითხი აღარ განიხილება. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მუდმივი პროცესია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო კომიტეტებს". - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა. 


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს სტატისტიკით, რუსეთიდან საქართველოში სექტემბერში 222 274 ადამიანი შემოვიდა.

სექტემბრის ბოლოს პუტინმა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა და მათი გადახედვა მოითხოვა. ამას გარდა, უკვე ოქტომბერში, პუტინმა მობილიზაციის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

კომენტარები