რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ტერორისტი დავაკავეთ" – ლუკაშენკო მაჩულიშჩიში რუსულ თვითმფრინავზე თავდასხმას ადასტურებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა დაადასტურა ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომზე განთავსებულ რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობა და თქვა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული "ტერორისტი" და მისი თანამზრახველები დააკავეს. 

ლუკაშენკოს მტკიცებით, თავდასხმა 6-8 თვის წინ, კიევში დაიგეგმა და მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობდა. 

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, CIA-ის მეთაურობით ბელარუსის წინააღმდეგ ოპერაციას იმუშავებენ. მომზადებული ჰყავდათ ტერორისტი. ის რუსია, რუსული პასპორტით, უკრაინული პასპორტიც აქვს. დაიბადა კრივოი როგში, ცხოვრობდა ყირიმში. ზოგიერთი ნათესავი ავსტრიაში ჰყავს, ზოგი კიევში დარჩა. ის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს. IT-ის სპეციალისტია ან კარგად ერკვევა IT-ტექნოლოგიებში. ემზადებოდა ტერორისტული აქტის ჩადენისთვის". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, "დივერსანტის მოსამზადებლად" СБУ უახლეს ტექნოლოგიებს იყენებდა და "სპეცოპერაციას" "დაუჯერებელს" უწოდებს.

"რაც ვიხილეთ, ბელარუსში ოპერაციის რეალიზაცია  - ეს ნამდვილად იყო რაღაც დაუჯერებელი. მას ეს ყველაფერი ერთ თვეში არ უსწავლია. მომზადების შემდეგ, როგორც КГБ ამბობს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიყვანეს". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, "დივერსანტი" ბელარუსის ბრესტში შესვლას ვარშავიდან ცდილობდა და მესაზღვრემ არ შეუშვა, რის შემდეგაც მისი მარშრუტი შეიცვალა და მოუწია ვარშავიდან ლოძში გადასვლა, აქედან რიგაში, რიგიდან ფსკოვში გაფრენა და ბოლოს მინსკში გადასვლა.

ამას გარდა, ლუკაშენკოს მტკიცებით გამოიყენეს აშშ-ში ნაყიდი მცირე ზომის დრონი, ჩინური წარმოების, რომლის მსგავსებიც, ავტორიტარი ლიდერის თქმით, ბელარუსშიც იყიდება. მისივე მტკიცებით, პატარა დრონი იმიტომ შეარჩიეს, რომ თავდაცვის სისტემებს არ დაეფიქსირებინათ. ამას გარდა, მან პირველად დაადასტურა, რომ მაჩულიშჩის აეროდრომზე განთავსებული თვითმფრინავი გარკვეულწილად დაზიანდა. 

"საბედნიეროდ, თვითმფრინავს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, როგორც ამბობენ, ნაკაწრებისა და კორპუსში ერთი გაღწევის გარდა, რაც სამხედრო თვითმფრინავს მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უშლის. გაჩვენეთ ეს თვითმფრინავი. როგორც შემატყობინეს, პრეიზდენტსაც (თავად ლუკაშენკოს) შეხვდა, როცა მე პეკინიდან ვბრუნდებოდი. ამისდა მიუხედავად, რუსებს ვთხოვეთ, რომ ეს თვითმფრინავი ექსპლუატაციაში წაეღოთ და სხვა გამოეგზავნათ. ასეც მოხდა". – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა "ტერორისტისა" და "თანამზრახველების" დაკავების ოპერაციას "ბრწყინვალედ ჩატარებული უწოდა" და თქვა, რომ "დუჯერებელი გააკეთეს", რათა "დამნაშავეები" გამოეაშკარავებინათ. მისი მტკიცებით, ისინი რუსეთში გადასვლას ცდილობდნენ.

ლუკაშენკომ უკრაინა და ამერიკა ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის "დამპალი" უწოდა. მისი თქმით, ეს ომი "უკვე მთელ ევროპაში მიმდინარეობს". 

26 თებერვალს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბელარუსში მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქების ხმები ისმოდა და დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50. 

ოპოზიციური ბელარუსის უშიშროების ძალების ასოციაციის (BYPOL) წარმომადგენელმა ალექსანდრ აზაროვმა შემდეგ თქვა, რომ ამ შემთხვევის უკან ბელარუსი პარტიზანები იდგნენ. მისი თქმით, შესაძლო დივერსიის მონაწილეებმა ბელაურის დატოვეს და უსაფრთხოდ არიან.

თავდაპირველად ბელარუსმა მომხდარი აფეთქებები და რუსული თვითმფრინავი დაზიანება უარყო და გაავრცელა კადრები, რომლებშიც თითქოს დაუზიანებელი А-50 ჩანს. თუმცა ბელარუსული ოპოზიციური მედიასაშუალებების დაუდასტურებელი ცნობებით, თვითმფრინავი მაჩულიშჩიდან რუსეთში სარემონტოდ გაფრინდა.

BYPOL-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჯდება დრონი სავარაუდოდ მაჩულიშჩის აეროდრომზე განთავსებულ სადაზვერვო А-50 ტიპის რუსულ თვითმფრინავზე.

კომენტარები