მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი განიხილა

27 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს.

ლორდთა პალატის წევრის, ბარონ რიჩარდ ჰარისის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მარტო ერთი კონკრეტული პირის უფლებების დარღვევაზე არ მეტყველებს. მის მკურნალობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მთელი ქვეყნის მომავალზე აისახება. მისივე თქმით, ამის უგულებელყოფით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.

ლორდთა პალატაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთთან მიმართებაში განიხილეს. ლორდ ზაკ გოლდსმიტის თქმით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე კონტროლის მოპოვებასა და მის დესტაბილიზაციას და ამისათვის ნაცნობ მეთოდებს იყენებს. შეხვედრაზე საქართველოში არსებული მდგომარეობა პოტენციურ საფრთხედ იქნა აღიარებული, ვინაიდან პუტინი შესაძლოა უკრაინაში ომს აგებდეს, მაგრამ ის სხვა რეგიონებში ცდილობს კონტროლის მოპოვებას.

სააკაშვილის გარდა, ლორდთა პალატამ ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილა. ლორდ ზაკ გოლდსმიტის თქმით, ლორდთა პალატა თვალყურს ადევნებს აღნიშნულ საქმეს და ლონდონი მის მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

ლორდთა პალატის არაერთმა წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის ოლიგარქის პრობლემა, რომელსაც შესაძლო კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყნის არაერთ ინსტიტუციაზე ფლობს კონტროლს. ამ კონტექსტში გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელიც. 

ლორდთა პალატის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, მათ საქართველოს მთავრობას პოტენციური დანაკარგები შეახსენეს.

კომენტარები