კონსილიუმი სააკაშვილზე: შემდეგი 5-7 კგ-ს დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრების პროგნოზით, კიდევ 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება.

კონსილიუმის წევრებმა კლინიკა ვივამედში ვიზიტი 19 თებერვალს განახორციელეს და სააკაშვილი გასინჯეს. სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი სრული სამედიცინო მასალის გაცნობას კი ექსპერტთა ჯგუფი დამატებით განახორციელებს.

კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან მათი ბოლო ვიზიტის, 2022 წლის 4 დეკემბრის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულია. ექსპერტების გამოკვლევით დადგინდა, რომ გამოხატულია მძიმე სარკოპენია. 

"პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-დან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება". - წერია დასკვნაში.

კონსილიუმის წევრების შთაბეჭდილებით, სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია. ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

კონსილიუმის წევრების პროგნოზით, კიდევ 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი დასკვნის მიხედვით, ამ სისწრაფით წონის კლებისას ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეშია მოსალოდნელი.

"პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას, მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას". - ვკითხულობთ დასკვნაში.

"ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით". - წერია დასკვნაში.

კონსილიუმის წევრი ექიმები არიან: გიორგი გრიგოლია, გრიგოლ ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, თენგიზ წულაძე, და ნინო ზავრაშვილი.

კომენტარები