რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი უკრაინაში ჩავიდა

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მელონი კიევში მატარებლით ჩავიდა და მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

"ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. მსურს გავიგო, რა სჭირდება ამ ხალხს. ვფიქრობ, რომ სწორია იტალიის აქ ყოფნა მთავრობის პოზიციის დასადასტურებლად და, შესაძლოა, პირადადაც გავიგო, რა სჭირდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. ყოველთვის განსხვავებულია, როდესაც საკუთარი თვალებით ხედავ. ვფიქრობ, ეს იტალიელ ხალხსაც დაეხმარება, უკეთ გაიგონ". – თქვა მელონიმ ჟურნალისტებთან.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ მელონი ეწვია ქალაქ ბუჩას, სადაც მან პატივი მიაგო რუსების მიერ მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას. 

"თქვენ შეგიძლიათ იტალიის იმედი გქონდეთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით დაწყებისთანავე და ბოლომდე თქვენთან ერთად ვიქნებით. ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ". – თქვა მელონიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე იტალიის პრემიერმინისტრი ქალაქ ირპინსაც მოინახულებს.

ჯორჯა მელონას ვიზიტი უკრაინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ მისი პარტიის, Forza Italia-ს ლიდერმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ 13 თებერვალს თქვა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდებოდა, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომს სწორედ ზელენსკის აბრალებს.

ბერლუსკონიმ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, მისივე სიტყვებით - საკუთარი მეგობრის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გაამართლა და აღნიშნა, რომ პუტინი ამით კიევში "შესაფერისი ხალხის დასმას" ცდილობდა. 

ბერლუსკონიმ თქვა, რომ თუ ზელენსკი შეწყვეტს სეპარატისტულ რესპუბლიკებზე თავდასხმას, ომი აღარ იქნება. 

ბერლუსკონის პასუხად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაინმა, რომელიც Forza Italia-ს წევრია, Twitter-ზე თქვა, რომ პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას და დგას ევროპის, დასავლეთისა და NATO-ს მხარეს. 

აქამდე, ჯორჯა მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

კომენტარები