იტალია

ვინც იტალიის დასავლეთთან ყოფნას არ ემხრობა, მთავრობაში ვერ იქნება – მელონი ბერლუსკონს

ვლადიმირ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი 
AP Photo/Luca Bruno, file

იტალიის მომავალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი.

"ჩვენი მთავრობის პირობებში, იტალია არასდროს იქნება დასავლეთისთვის სუსტი რგოლი". - აღნიშნა მელონიმ. 

მელონიმ ბერლუსკონის კომენტარს უპასუხა - იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელიც "ტრაბახობდა", რომ აღადგინა კავშირი პუტინთან და ბოლო, 86 წლის იუბილეზე არაყი და ღვინო გაცვალეს. 

"პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი და თბილი წერილი გამომიგზავნა. პასუხად მე 20 ბოთლი ლამბრუსკო (ცქრიალა იტალიური წითელი ღვინო) და, ასევე, თბილი წერილი გავუგზავნე", - აღნიშნა ბერლუსკონიმ. 

მელონის მემარჯვენე პარტიამ - იტალიის ძმებმა 25 სექტემბრის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმაა მიიღო. მელონი, სავარაუდოდ, იტალიის შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის მანდატს ამ კვირაში მიიღებს.

ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრის პარტია Forza Italia საგარეო საქმეთა სამინისტროში გავლენის მოპოვებისთვის იბრძვის მაშინ, როცა მელონი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ბერლუსკონი ამ კომენტარით განზრახ ცდილობდა მომავალი მთავრობის საბოტაჟს.

ბერლუსკონის საპასუხოდ მელონიმ აღნიშნა, რომ მის მთავრობას მკაფიო საგარეო პოლიტიკა ექნება. 

"იტალია ევროპისა და ატლანტიკური ალიანსის (NATO-ს) ნაწილია. ვინც არ ეთანხმება ამ ქვაკუთხედს, ვერ იქნება მთავრობის ნაწილი - თუნდაც ამის გამო მთავრობა არ შედგეს". - აღნიშნა მელონიმ.

ბერლუსკონს პუტინთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს: მან უმასპინძლა რუსეთის ლიდერს სარდინიაზე ვილაში და 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, პუტინთან ერთად ნახევარკუნძულსაც ესტუმრა.

ჯერ კიდევ არჩევნების მიმდინარეობისას ბერლუსკონიმ თქვა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, რადგან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა.

კომენტარები