ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივა

ხალხის ძალა: შემაშფოთებელია, კანონპროექტზე სიცრუე აშშ-ს სახ. დეპ-ის სპიკერს გააჟღერებინეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი / 1tv.ge

პარტია ხალხის ძალის განცხადებით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი და ის სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. 

"შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს". – ნათქვამია ივანიშვილის დეპუტატების განცხადებაში, რომლითაც ნედ პრაისის კრიტიკას კიდევ ერთხელ უპასუხეს.

ხალხის ძალის მტკიცებით, ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით".

"მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება.

ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული როგორც არასამეწარმეო ან სამეწარმეო იურიდიული პირი, ისე ნებისმიერი ფიზიკური პირი, ადამიანი, რაც სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც თავის მხრივ უცხოური გავლენის აგენტად არის რეგისტრირებული.

ამერიკული კანონის მიხედვით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც, ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს. ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.

ამერიკული კანონის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტებს ევალებათ არა მხოლოდ საერთო ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, არამედ ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან თუნდაც, ზეპირი კომუნიკაციის დეკლარირება, რაც ჩვენ ზედმეტად უხეშ ჩარევად მივიჩნიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და უცხოური გავლენის აგენტებს მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.

გარდა ამისა, ამერიკული კანონით გათვალისწინებული დარღვევები, მათ შორის ფინანსების დეკლარირების ვალდებულების თავიდან არიდება განისაზღვრება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი შესაბამის კანონდარღვევას განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მისი ჩადენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული. ამასთან, ჯარიმების ოდენობაც ამერიკული კანონით დადგენილ ჯარიმებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია". – ნათქვამია ხალხის ძალის განცხადებაში.

ივანიშვილის დეპუტატები "სამარცხვინო სპეკულაციას" უწოდებენ კანონპროექტის რუსულ კანონთან შედარებასაც და მსგავსი აზრის მქონე ადამიანებს "ქვეყნის არაკეთილმოსურნეებად" მოიხსენიებენ.

"რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ა.შ. გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ.

[...] მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოში უცხოური გავლენის რეალიზების ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ამ სუვერენიტეტის შერყევას ან მის მიტაცებას ისახავს მიზნად". – ნათქვამია განცხადებაში.


ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები