ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივა

PACE: სხვა ფრაქციებს მოგიწოდებთ, ხალხის ძალის კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, რომ ხალხის ძალის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. ამის შესახებ PACE-ის მომხსენებლებმა ისაუბრეს.

"კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც ფრაქცია ხალხის ძალამ წარმოადგინა, იწვევს რამდენიმე შეშფოთებას მის დემოკრატიულ და ადამიანთა უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობის მიმართ, თქვეს PACE-ის მომხსენებლებმა საქართველოზე, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ. "ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოვუწოდებთ, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომელსაც, მიღების შემთხვევაში, შემზარავი შედეგი ექნება", - ხაზი გაუსვეს". – წერს PACE-ი Twitter-ზე. 

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული. 

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი გავს რუსულ და უნგრულ კანონს, არა ამერიკულს.

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები