ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივა

ყაველაშვილი: საქართველოში ჩვენი მსაჯული საზოგადოებაა და არა სხვა ქვეყნის ადმინისტრაცია

მიხეილ ყაველაშვილი

ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ხალხის ძალის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კრიტიკას გამოეხმაურა. ყაველაშვილის თქმით, საქართველოში მათი მსაჯული საზოგადოებაა და არა სხვა ქვეყნის ადმინისტრაცია.

"არავის წინაშე თავს არ დავხრით [...] თუ მათი ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია, ჩემი ქვეყნისთვის რატომ არ არის? ეს დამოკიდებულება რას ნიშნავს? [...] საქართველოში ჩვენი მსაჯული საზოგადოებაა და არა სხვა ქვეყნის ადმინისტრაცია [...] ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით. ეს არის საქართველოს უსაფრთხოების თემა [...] თუ სხვა შეხედულებები აქვთ, კეთილი ინებონ და ასე ვთქვათ, ყველა მათი შეხედულება და მიზანი წარმოაჩინონ" - თქვა ყაველაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, რომ ხალხის ძალის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. PACE-ის მომხსენებლების განცხადებით, კანონპროექტი მის დემოკრატიულ და ადამიანთა უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობის მიმართ რამდენიმე შეშფოთებას იწვევს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრაისის განცხადებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. 

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები