ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივა

რადიო თავისუფლება: ხალხის ძალის კანონპროექტს ბორელმა შემაშფოთებელი უწოდა

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შემაშფოთებელი უწოდა.

ამას გარდა, რადიო თავისუფლების ცნობით, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია.

"სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც.

შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის". – რადიო თავისუფლების ცნობით, წერს ბორელი საკუთარ პასუხში, რომელიც მედიას მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა.


ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული. 

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი გავს რუსულ და უნგრულ კანონს, არა ამერიკულს.

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.

კომენტარები