რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: უკრაინა მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშებისთვის აშშ-ს მიწოდებულ ინფორმაციას იყენებს

HIMARS-ი აღმოსავლეთ უკრაინაში, 2022 წლის 1-ელი ივლისი. 
Washington Post via Getty Images

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელების მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშები აშშ-ს მიერ მიწოდებულ ან დადასტურებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.

ინფორმაცია გამოცემასთან სამმა უკრაინელმა და ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა. 

უკრაინას HIMARS-ებითა და M270-ებით მაღალი სიზუსტის იერიშები მიაქვს საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ოკუპანტების ძალებზე, მათ ბაზებზე, საბრძოლო მასალების საცავებზე.

ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, მათ ძალებს თითქმის არასდროს გაუსროლიათ მაღალი სიზუსტის თანამედროვე იარაღიდან აშშ-ს ევროპაში მდებარე ბაზებიდან მიწოდებული კონკრეტული კოორდინატების გარეშე. მისივე თქმით, ამ პროცესმა ვაშინგტონს უნდა მისცეს თავდაჯერება, რომ უკრაინას უფრო შორი მანძილის მქონე შეიარაღება გადასცეს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ასევე ანონიმურად ისაუბრა, აღიარა აშშ-ს როლი უკრაინის სარაკეტო კამპანიაში და თქვა, რომ სამიზნეში ამოღებაში დახმარება ემსახურება სიზუსტის უზრუნველყოფასა და შეზღუდული რაოდენობის საბრძოლო მასალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა The Washington Post-თან უარი თქვა დაეზუსტებინა, როგორ აწვდიან უკრაინას იერიშებისთვის საჭირო კოორდინატებს. მისი თქმით, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ოპერაციულ უსაფრთხოებას. სანაცვლოდ პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა განცხადება ამერიკის ჩართულობის შეზღუდულობასთან დაკავშირებით.

"დიდი ხანია ვადასტურებთ, რომ უკრაინას სადაზვერვო მასალას ვუზიარებთ რათა რუსეთის აგრესიისგან  თავდაცვაში დავეხმაროთ. დროთა განმავლობაში ინფორმაციის გაზიარების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ, რათა მათ თხოვნებს მხარი დავუჭიროთ და მათი დამიზნების პროცესი დროში და მასშტაბურად გაიზარდოს. უკრაინელები პასუხისმგებლები არიან სამიზნეების პოვნაზე, მათთვის პრიორიტეტულობის მინიჭებაზე და შემდეგ გადაწყვეტაზე, რომელზე უნდა მიიტანონ იერიში. აშშ არ ადასტურებს სამიზნეს, არც მათ შერჩევაში ვმონაწილეობთ". – თქვა გენერალმა რაიდერმა.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ამერიკულ გამოცემასთან პროცესი ზოგადად აღწერა: უკრაინელი სამხედროები ახდენენ სასურველი სამიზნის იდენტიფიცირებას, შემდეგ აშშ-ს უფრო ზუსტი კოორდინატებისთვის მიმართავენ. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკელები კოორდინატებს ყოველთვის არ აწვდიან და მსგავს შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები სამიზნის მიმართ ცეცხლს არ ხსნიან.

მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას იერიშების მიტანა აშშ-ს დახმარების გარეშეც შეუძლიათ, თუმცა კიევს ძვირადღირებული საბრძოლო მასალის გაფლანგვა არ სურს, ამიტომ ირჩევენ, რომ აშშ-ს დადასტურების გარეშე ცეცხლი არ გახსნან.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან თქვა, რომ ATACMS-ების ტიპის უფრო დიდი მანძილის მქონე რაკეტების მიღების შემთხვევაში, ამავე პრინციპს მიჰყვებიან.

"ყოველ გასროლას ისედაც აკონტროლებთ, როცა ამბობთ, რომ გეშინიათ, სხვა მიზნით არ გამოვიყენოთ, არ შეგვეძლება, რომც გვინდოდეს". – თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

თუმცა, გამოცემასთან პროცესის აღწერას ამერიკელი მაღალჩინოსანი შეეწინააღმდეგა. "არაა სიმართლე, რომ უკრაინელები სამიზნეებზე დამოწმებას ჩვენგან იღებენ". – თქვა მან.

უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდრიი მალინოვსკიმ The Washington Post-ისთვის გასული წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეები, ხარკოვის კონტრიერიშის დროს, უკრაინისთვის ამოწმებდნენ სამიზნეების კოორდინატებს.

"როცა სამიზნეს პარტნიორებს ანალიზისთვის გადავცემთ, კოორდინატები განსხვავებულია. რატომ? რადგან ამერიკელებსა და NATO-ს ქვეყნებს სამხედრო თანამგზავრებზე წვდომა აქვთ... თითქმის ყოველთვის კავშირზე ვართ. ისინი დაუყოვნებლივ გვაწვდიან კოორდინატებს და ჩვენ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან მყისიერად ვისვრით". – ამბობდა მალინოვსკი.

ამერიკულ გამოცემასთან მესამე უკრაინელმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა, რომ სამიზნეში ამოღების პროცესი სრულდება NATO-ს ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული ინსტალაციის შუამავლობით. The Washington Post-ი ამერიკელი მაღალჩინოსნების თხოვნით, სამხედრო ბაზას კონკრეტულად არ ასახელებს.

კომენტარები