რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთის სამხედრო სარდლობა შესაძლოა მომავალში ნაკლებად იყოს დამოკიდებული ვაგნერზე

ვაგნერის ჯგუფის წევრი ბახმუტთან.
Sputnik

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 9 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ზღუდავს მსჯავრდადებულების რეკრუტირებას ციხეებიდან, რადგან რუსული ჯარები ბახმუტის მიმართულებით ეტაპობრივად ანაცვლებენ ვაგნერის წევრებს. 

როგორც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 9 თებერვალს აღნიშნა, მსჯავრდადებულთა რეკრუტირება კერძო სამხედრო კომპანიაში მთლიანად შეჩერებულია. 

"დიახ, მართლაც ასეა. ვაგნერში მსჯავრდადებულთა დაკომპლექტება მთლიანად შეწყდა. მათ მიმართ, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ყველა ვალდებულება შესრულებულია". – თქვა პრიგოჟინმა.

ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ვაგნერის ჯგუფმა, შესაძლოა, გააგრძელოს ციხეებიდან პატიმრების დაქირავება, თუმცა ბევრად უფრო შეზღუდული შესაძლებლობებით.

როგორც ISW წერს, ვაგნერში პატიმართა დაქირავება ბოლო დროს შენელებული ტემპით მიმდინარეობს, ხოლო ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პატიმრების რაოდენობა 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე სტაბილურად მცირდებოდა.

"ეს ფენომენი შეესაბამება საერთო ტენდენციას, რომ კონვენციური რუსული ჯარები ნელ-ნელა ცვლიან ვაგნერის ჯგუფს ბახმუტის ირგვლივ, რაც მიუთითებს იმას, რომ რუსული სამხედრო სარდლობა შესაძლოა შორდებოდეს ვაგნერზე დამოკიდებულებას და, შესაბამისად, პატიმრების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას". – წერია ISW-ის ანგარიშში.

კომენტარები