ბიძინა ივანიშვილის საქმე

კობახიძე: ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას ივანიშვილს ვერავინ აიძულებს

საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება Credit Suisse-ში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია, პრაქტიკულად, გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისო მედია ფართოდ საუბრობს.

აქ მთავარია, რა არის მოტივი. მოტივი ცალსახად არის პოლიტიკური, რაზეც მინიშნებები უკვე ჰქონდა თავად Credit Suisse-ს, რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ თავის წერილში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი.

ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.  ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

კომენტარები