ენდრიუ ტეიტი

ტეიტის თქმით, რუმინელ პროკურორებს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ონლაინ ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის თქმით, რუმინეთში სამართლიანი მართლსაჯულება არ არსებობს და ტრეფიკინგსა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით პროკურატურა მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს არ ფლობს. 

"მათ იციან, რომ არაფერი დაგვიშავებია". - ამბობს ტეიტი.

ტეიტი, მისი ძმა ტრისტანი და ორი ეჭვმიტანილი რუმინელი ქალი 29 დეკემბრიდან დაკავებულები არიან. მათ მოუწევთ პოლიციაში დარჩენა მანამ, სანამ არ დასრულდება სისხლის სამართლის გამოძიება ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით.

ენდრიუ ტეიტსა და მის ძმა, ტრისტანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 20 იანვარს გაუხანგრძლივა

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატი (DIICOT) ამტკიცებს, ეჭვმიტანილები მსხვერპლთა შეცდომაში შეყვანას სისტემატურად ცდილობდნენ - ისინი მსხვერპლს აჯერებდნენ, რომ მათთან დაქორწინებას აპირებდნენ და რუმინეთში გადაჰყავდათ. მოგვიანებით კი, ძალადობის გზით მათ სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ამასთან, ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა მსხვერპლი 2022 წლის მარტში ორჯერ გააუპატიურა. 

16 იანვარს, რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ენდრიუ ტეიტს 4 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჩამოართვეს.  ქვეყნის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (ANABI) თქმით, ჩამორთმეულ 29 აქტივს შორის არის ავტომობილები, ძვირადღირებული საათები და თანხა სხვადასხვა ვალუტაში. 

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

მას Twitter-ის ანგარიში მას შემდეგ გაუქმეს, რაც თქვა, რომ მსხვერპლი ქალებიც ატარებენ პასუხისმგებლობას სექსუალურ ძალადობაზე. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

კომენტარები