ენრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტსა და მის ძმა ტრისტანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

ენდრიუ ტეიტსა და მის ძმა, ტრისტანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა. CNN-ის ცნობით, ისინი პატიმრობაში  27 თებერვლამდე დარჩებიან. 

ძმები ტრეფიკინგსა და გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები.

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატი (DIICOT) ამტკიცებს, ეჭვმიტანილები მსხვერპლთა შეცდომაში შეყვანას სისტემატურად ცდილობდნენ - ისინი მსხვერპლს აჯერებდნენ, რომ მათთან დაქორწინებას აპირებდნენ და რუმინეთში გადაჰყავდათ. მოგვიანებით კი, ძალადობის გზით მათ სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ამასთან, ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა მსხვერპლი 2022 წლის მარტში ორჯერ გააუპატიურა. 

16 იანვარს, რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ენდრიუ ტეიტს 4 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები წაართვეს.  ქვეყნის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (ANABI) თქმით, ჩამორთმეულ 29 აქტივს შორის არის ავტომობილები, ძვირადღირებული საათები და თანხა რამდენიმე სხვადასხვა ვალუტაში. 

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

მას Twitter-ის ანგარიში მას შემდეგ გაუქმეს, რაც თქვა, რომ მსხვერპლი ქალებიც ატარებენ პასუხისმგებლობას სექსუალურ ძალადობაზე. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

გასული წლის აპრილიდან მიმდინარეობს გამოძიება ძმებზე და მათთან ერთად 2 რუმინელ ეჭვმიტანილზე.

კომენტარები