ენდრიუ ტეიტი

"16 წლის ასაკში ჩემს კლასელებსა და მე Instagram-ზე გვწერდა" – რუმინელი პოლიტიკოსის შვილი ტეიტზე

NY Post

რუმინელი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, კოზმინ გუშას ქალიშვილის, დარია გუშას თქმით, ენდრიუ ტეიტი დაუკავშირდა მას და რამდენიმე მის თანაკლასელს, როდესაც ისინი მხოლოდ 15-16 წლისანი იყვნენ და ზოგიერთის პაემანზე დაპატიჟებას ცდილობდა.

"მე დამიკავშირდა ენდრიუ ტეიტი, ძმები ტეიტებიდან უფროსი, სამი წლის წინ, როდესაც სულ რაღაც 16 წლის ვიყავი". - თქვა დარია გუშამ. 

ონლაინ ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი რუმინეთში ტრეფიკინგისა და გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, ძმასთან, ტრისტანთან ერთად გასულ კვირას დააკავეს

პოლიტიკოსის ქალიშვილის განმარტებით, ტეიტი საკმაოდ ცნობილი იყო მის თანატოლებში. 

"საკმაოდ ცნობილი იყო. მას ახალგაზრდა გოგონების ქსელი ჰქონდა". - აღნიშნა მან.

ახლა უკვე 19 წლის დარიამ თქვა, რომ ტეიტის მიმოწერა არასრულწლოვან გოგოებთან ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა: იგი Instagram-ზე აგზავნიდა შეტყობინებას - "რუმინელი გოგო", მარწყვის ემოჯით.

რუმინელი პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტეიტმა და მისმა ძმამ ტრისტიანმა რამდენიმე ქალი მათი ნების წინააღმდეგ დააკავეს და მათ კამერის წინ სექსუალურ აქტს აიძულებდნენ.

მოსალოდნელია, რომ ძმები ტეიტები მომავალ კვირას ბუქარესტის სასამართლოში გამოცხადდებიან, რათა განიხილონ მათი საჩივარი მოსამართლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - დაკავების ორდერის 24 საათიდან 30 დღემდე გახანგრძლივების შესახებ.

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

მას Twitter-ის ანგარიში მას შემდეგ გაუქმეს, რაც თქვა, რომ მსხვერპლი ქალებიც ატარებენ პასუხისმგებლობას სექსუალურ ძალადობაზე. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

კომენტარები