რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

"ერთი მხრივ, [უკრაინელები] გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიომოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი სამხედროები იქეთ არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამ ფეთქებად ნივთიერებას (იგულისხმება უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები) ამზადებენ და აიარაღებენ". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, რომ არა ის, 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, ბელარუსში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია. 

"ცუდია, ქვეყანაში სიტუაცია ასე რომ წარიმართა. განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს ხომ ჩვენთვის გაკვეთილია. ყველა ათი მილიონისთვისა და სტუმრებისთვის, რომლებიც აქ, ჩვენთან არიან, ეს გაკვეთილია. უკვე ყველამ გაიგო: რომ არ გაგვეძლო 2020 წელს, ვიცით, რაც მოხდებოდა. უარესი იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია. უკრაინა მდიდარია. ჩვენზე მდიდარი. აქ უარესი იქნებოდა. არ მსურს, მე ან თქვენ გიჩოქებდნენ და ამისთვის მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რისთვისა და ვისი წყალობით გავუძელით". – თქვა ლუკაშენკომ.

უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ თვეში არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით ბელარუსიდან ახალ თავდასხმას წამოიწყებდა.

კომენტარები