რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ჩვენ უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი და პარიზი უკრაინას რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში მხარს იქამდე დაუჭერენ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს

"ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, მივაწოდებთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ვიმოქმედებთ ერთად, როგორც ევროპელები, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული სამშვიდობო პროექტი". - თქვა შოლცმა პარიზში ფრანგულ-გერმანული ელისეს ხელშეკრულების მე-60 წლისთავზე.

ბოლო დროს ოლაფ შოლცს დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებს და პროცესს აჭიანურებს. მეტიც, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ, "მცირე კოალიციას" შექმნის.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს.

ამის საპასუხოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

კომენტარები