პოლიციელების ძალადობა

კალაძე მელაძის ანონსზე: ფაქტი ძალიან ცუდია, მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე მოჰყვა რეაგირება

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე გუშინ, 12 ივნისს, ნოდარ მელაძის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფაქტი ძალიან ცუდია და კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება.

"ფაქტი ძალიან ცუდია, ხომ? რაც ვნახეთ, ნამდვილად, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული. […] როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, როგორც კი გენერალურმა ინსპექციამ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება და კონკრეტული დამნაშავეები იქნენ პასუხისგებაში მიცემული. [...]

მეორე სამწუხარო ფაქტია, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ ეს იცოდა, შესაბმის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ გაავრცელეს. მიზეზი მარტივი ასახსნელია - უნდოდათ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოეწვიათ. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიგი ტელევიზიები გარკვეული საკითხით მანიპულირებენ. ამ ტელებიზიებს მორალი არ მოეთხოვებათ. ვიცით მათი დღის წესრიგი - ყოველდღიური ტყუილი, ცილისწამება." - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს, ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

კომენტარები