არჩევნები ენმ-ში

ხაბეიშვილი: მელიამ ენმ დაანგრია და ჩამოშალა – ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაცია არ აქვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის დანგრევასა და ჩამოშლაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილის თქმით, მელიას პარტიის ამომრჩევლებთან კომუნიკაცია არ აქვს.

"ნახეთ ნიკა მელიას შეხვედრა ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, სოციალურ ქსელში ვიდეოც მიდევს, 400 ბათუმელი ესწრებოდა. ხელვაჩაურშიც 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში, ქედასა და შუახევშიც ვიყავი. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის წარმოუდგენელია, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე მონაწილეობას რაში იღებს, რა უნდა ამ კაცს. მან პარტია დაანგრია და ჩამოშალა. ნიკა მელია აჭარაში რამდენჯერმე, შემორბენით არის ნამყოფი, გასტროლიორივითაა. ამდენ ადამიანს რომ ვხვდები, ხალხს ცვლილებები უნდა და ნიკა მელია კენჭს ვისთვის იყრის? ამ ადამიანებს არჩევნების მოგება რომელ პარტიაში უნდათ, მართლა ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი - ნიკა მელია ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი ჩვენს ამომრჩეველთან არანაირ კომუნიკაციაში არ არის. ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? ეს ყველაფერი შეიცვლება და პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდება და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ლევან ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო [...] ნიკა მელიამ პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა-თქო, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს?". - თქვა ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კირთაძემ გამართულ ბრიგინგზე თქვა, აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.  

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები