ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"იქმნება მხარდამჭერი შტაბი" – ენმ-ს ბათუმის ორგანიზაცია მხარს ნიკა მელიას უჭერს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კირთაძემ გამართულ ბრიგინგზე თქვა, აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.  

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ღიად არ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, მაქსიმალურად ნეიტრალურები ვყოფილიყავით, მაგრამ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ გადაწყევტილება მივიღეთ და მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას. მხარს უჭერს ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები და იქმნება აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს მირდატ ქამადაძე.  

რატომ ნიკა მელია? მიმაჩნია, რომ ენმ იქნება და უნდა იყოს მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ცამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას. ოღონდ, ის ამას მარტო ვერ შეძლებს, საჭირო იქნება დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება ამ ქვეყანაში. [წარგენილი კანდიდატებიდან] აბსოლუტურად ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან პარტიისთვის და ქვეყნისთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ ნიკა მელია ყველაზე მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება. სწორედ ამიტომაც, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ნიკა მელიას". - თქვა გიორგი კირთაძემ.   

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

კომენტარები