არჩევნები ენმ-ში

ბოკერია ენმ-ზე: ყველა პოპულისტურ, შხამიან ნარატივს, რაც ოცნებას აქვს, იმეორებენ თვითონ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური დეგრადაციაა, სადაც არ მიმდინარეობს შინაარსზე დისკუსია და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლაა.

"ამას ჰქვია სრული დეგრადაცია პოლიტიკური, როდესაც ერთსა და იმავე პოლიტიკურ ძალაში შინაარსზე დისკუსია არ არსებობს. რაზე უპირისპირდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს? ტალახის სროლით, მხოლოდ. რომ მელია სუსთან არის შეკრული, მერაბიშვილი ფსბ-ს აგენტია, ერთმანეთს ხო ასე ესაუბრებიან, ეს არის, რასაც ვხედავთ, სხვა ყველაფერ სიბინძურეს რომ თავი დავანებოთ და ნულოვანი შინაარსი. ერთი და იგივე ადამიანები იცვლიან პოზიციას, დღეს ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, სააკაშვილის ერთგული ვინ უფრო არის. ახლა არ იყო პერმანენტული აქციები დავიწყეთო? და შეწყდა ერთ კვირაში". - თქვა ბოკერიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ წარსული მემკვიდრეობის, ივანიშვილის პროპაგანდისა და ოპოზიციის შიგნით ეფექტური ალტერნატივის არარსებობის გამო "5 ნომერი არის გარანტირებული ბალიში ამომრჩევლების ნაწილის, რომლებიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ მიდის და მისთვის ოპოზიციონერობის სინონიმია 5 ნომერი".

"ამ საქციელიდან ისიც გამომდინარეობს, რომ ყველა ის პრობლემა და ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა ხელისუფლებში ყოფნისას, მათ კი არა, საკუთარ თავზე ვიძახი, ამ ადამიანებს, ვინც იქ [ენმ-ში] არიან, გააზრებული არ აქვთ, რა იყო არასწორი, რა უნდა ქნან სხვანაირად, საერთოდ შინაარსს მათთვის არანანირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა პოპულისტურ, შხამიან ნარატივს, რაც ქართულ ოცნებას აქვს, იმეორებენ თვითონ - რელიგიით, ეთნიკურობით სპეკულირება, ტალახის სროლა, ჯაშუშობის დაბრალება, ეს არის ქართული ოცნება და ფანატიზმი, ან ვირეშმაკული ფანატიზმი, ლიდერის სახელით მანიპულირება, რომ ვინც არის ბელადი, ყოველთვის მართალია და ესე უნდა მოიქცე". - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები