რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: დიდი დანაკარგების ფასად რუსების "წარმატება" ვერ აანაზღაურებს სტრატეგიულ მარცხს

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

სოლედარში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა რუსეთის სტრატეგიულ მარცხსა და ზოგადად ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის. 

გარდა ამისა, ნედ პრაისის თქმით, ისეთი მცირე ქალაქის გამო ბრძოლის მიზეზი, როგორიც სოლედარია (ომამდე დაახლოებით 10 000 მაცხოვრებლით), შესაძლოა, რუსების სურვილია, მცირე წინსვლას დიდი დანაკარგების ხარჯზე მიაღწიონ.

"მაგრამ რუსეთის ნებისმიერი დამატებითი სარგებელი, თუნდაც ის, რომელსაც დაღუპულების, პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით ასეთ მძიმე ფასად მიაღწიეს, ვერასდროს შეცვლის ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს სტრატეგიული მარცხი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები ომის პირველივე დღეებიდან წააწყდნენ და რომელიც გაძლიერდა უკრაინის ეფექტური კონტრშეტევით". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, პრაისი აღნიშნავს, რომ დონბასში ბრძოლა გაგრძელდება, რასაც ომში ჩართული ორივე მხარის წარმატება და მარცხი მოჰყვება. 

დღეს, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

უკრაინა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ სოლედარის გაკონტროლების თაობაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერჰი ჩერევატის თქმით, ქალაქში ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო უკრაინელი მებრძოლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინულ მხარეს მეტ დეტალზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

კომენტარები