რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა უარყოფს რუსეთის გავრცელებულ ინფორმაციას სოლედარის სრულად გაკონტროლების შესახებ

უკრაინა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ სოლედარის გაკონტროლების თაობაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერჰი ჩერევატის თქმით, ქალაქში ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო უკრაინელი მებრძოლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინულ მხარეს მეტ დეტალზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

"ბრძოლები მიმდინარეობს თავად ქალაქში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ბრძოლები მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მოწინააღმდეგის ძალები სჭარბობს, რადგან ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალა გადაისროლეს, მაგრამ ჩვენი ძალები ბრძოლას აგრძელებენ უშუალოდ ქალაქში". – ამბობს ჩერევატი.

დღეს, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მთლიანად ან უმეტესად აკონტროლებდნენ სოლედარს, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას შეძლებენ.  

იქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა. 

კომენტარები