საპროტესტო აქციები ირანში

ირანის სასამართლომ პროტესტის მხარდამჭერ ფეხბურთელს 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Heraldo

ირანელ ფეხბურთელს ამირ რეზა ნასრ აზადანის ადგილობრივმა სასამართლომ 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სპორტსმენს ბრალად სამი პოლიციელის მკვლელობაში თანამონაწილეობა, შეთქმულებაში მონაწილეობა და უკანონო ბანდფორმირების წევრობა ედება ბრალად. 26 წლის ფეხბურთელი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, ტრაქტორის ყოფილი მცველია. აზადანი აქტიურად უჭერდა მხარს ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.

მისჯილი ვადის 16 წელს აზადანი ციხეში, ხოლო 10 წელს სახლში, შინაპატიმრობაში გაატარებს. 

აზადანის გარდა ირანის საპროტესტო მოძრაობას მხარი სხვა სპორტსმენებმაც დაუჭირეს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ირანის ნაკრებმა პირველ თამაშში ჰიმნი არ იმღერა და გატანილი გოლი არ აღნიშნა. ფეხბურთელების აქტი ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში არ აჩვენა.

ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები