საპროტესტო აქციები ირანში

IranIntl: ირანში დაკავებული დემონსტრანტი ციხეში წამების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

Iran International-ის ცნობით, ირანში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 35 წლის არაშ ტოლოუ შეიხზადე, ციხეში წამების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეიხზადე 6 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან 8 და 9 იანვარს მაშჰადში გამართული საპროტესტო აქციების ვიდეოები გაავრცელა.

12 თებერვალს ოჯახმა საავადმყოფოსგან შეიტყო, რომ შეიხზადე მოტეხილი ხელებით, ფეხებით და თავის მძიმე დაზიანებით, მათ შორის თავის ქალის დაზიანებით, მაშჰადში, ველაიათის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, ოჯახს უთხრეს, რომ დაკავებულ დემონსტრანტს ციხეში ინსულტი დაემართა. თუმცა, IranIntl წერს, რომ ოჯახის წევრებმა თქმით, შეიხზადე საქროტესტო აქციის დროს არ დაშავებულა და დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურში სიარულს აგრძელებდა.

გამოცემის ინფორმაციით, შეიხზადეს მდგომარეობა რეანიმაციაში ყოფნის დროს შედარებით გაუმჯობესდა. ამის მიუხედავად, 15 თებერვალს მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

IranIntl-ის წყაროს ცნობით, როდესაც ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს და საავადმყოფოში მივიდნენ, დაცვის თანამშრომლებმა მათ  შესვლაზე უარი უთხრეს და ამტკიცებდნენ, რომ შეიხზადე ცოცხალი იყო და იგი სხვა პალატაში გადაიყვანეს.

ხელისუფლებამ დემონსტრანტის დედას 20 თებერვალს აცნობა, რომ მის ცხედარს მეორე დღეს გადასცემდნენ. მათ დააწესეს პირობები, მათ შორის აუტოფსიის არ ჩატარება, ჩუმი დაკრძალვა და მხოლოდ უახლოესი ნათესავების დასწრების უფლება.

გამოცემა იუწყება, რომ ოჯახის თქმით, როდესაც ცხედარი მიიტანეს “მისი სახე დალურჯებული და შეშუპებული იყო, ხოლო თავის ქალის მოტეხილ ზედაპირზე ხელკეტის კვალი აშკარად ეტყობოდა, მათ ის სასტიკად აწამეს."

დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო. 

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 7 008-ს აღწევს, მათგან 219 ბავშვია, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 53 300-ს აღემატება.

 

კომენტარები