ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 5 000 ადამიანის, მათ შორის დაახლოებით 500 სამართალდამცავის, დაღუპვა დაადასტურა.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, Reuters-ს ასევე უთხრა, რომ ყველაზე აქტიური შეტაკებები და დაღუპულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქურთულ რეგიონებში დაფიქსირდა.
"საბოლოო მსხვერპლის რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის" - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
გამოცემასთან საუბარში ოფიციალურმა პირმა პასუხისმგებლობა "ტერორისტებს, შეიარაღებულ მეამბოხეებს" და ისრაელს დააკისრა და განაცხადა, რომ მათ "უდანაშაულო ირანელები" მოკლეს.
დასძინა, რომ ქუჩაში გამოსულთა მხარდაჭერა და შეიარაღება "ისრაელისა და საზღვარგარეთ მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების" მხრიდან ხორციელდებოდა.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.





