რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: პუტინის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება არაფერია, გარდა ცინიზმისა

Manuel Balce Ceneta/Pool via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გადაწყვეტილება სხვა არაფერია, გარდა ცინიზმისა და მის უკან რუსეთის პრეზიდენტის ფარული მოტივი იმალება

"ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებდით რუსეთის განცხადებებს ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი. ვფიქრობ, ეს დასტურდება იმითაც, რაც დღის განმავლობაში ვიხილეთ. გვაშფოთებს ის, რომ მოსკოვი შეეცდება, ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოოდ, განმეორებითი თავდასხმისთვის გამოიყენოს". - თქვა პრაისმა.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების აზრით, ამ გზით პუტინს უკრაინის რეპუტაციის შელახვა და ბრძოლის ველზე ინიციატორის როლის ათვისება სურს. 

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, "მიუხედავად მათ მიერ გამოცხადებული საშობაო ზავისა, რუსეთის ჯარებმა შეტევა 6 იანვარს არ შეწყვიტეს".

"საშობაო ზავის" ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილიც გამოვიდა. კერძოდ, კირილმა "შიდა კონფლიქტში" ჩართულ "ყველა მხარეს" 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები