რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსის მტკიცებით, საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს

ფოტო რომელსაც ბელარუსი შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს
belta.by

ბელარუსის მტკიცებით, მათ 29 დეკემბერს საკუთარ ტერიტორიაზე, ბრესტის ოლქში უკრაინის მიერ გასროლილი С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტა საკუთარ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მინსკმა საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი გამოიძახა. 

ბელარუსის ინფორმაციით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოაგდეს.

როგორც BBC წერს, უკრაინის სამხედრო სტრუქტურის სპიკერმა თქვა, რომ ეს "საჰაერო თავდაცვის შედეგი" იყო. 

29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე კიდევ ერთი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. 

ბელარუსი კიევს შემთხვევის სრული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ბელარუსის სარაკეტო თავდაცვის ძალების ოფიცერი, კირილ კაზანცევი ორ ვერსიას განიხილავს. მისი აზრით, ეს ან "შემთხვევითი გაშვებაა დაბალი დონის ვარჯიშის ან რაკეტის გაუმართაობის შედეგად" ან "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბელარუსმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა უვნებელყო. 

კრემლში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად შეშფოთებული არიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ მზად არიან მოიწვიონ ექსპერტები იმ ქვეყნებიდან, რომლები "რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოს" მხარს არ უჭერენ და შემთხვევა გამოიძიონ. ასევე აღნიშნული იყო, რომ ისინი არ გამორიცხავენ მოსკოვის "მიზანმიმართულ პროვოკაციას".

ბრესტის ოლქის კომისარმა, ოლეგ კონოვალოვმა აღნიშნა, რომ "მსგავსი შემთხვევები ხდება" და მაგალითად პოლონეთის ინციდენტი მოიყვანა.

ბოლო ხანებში არსებობს შიში, რომ, შესაძლოა, რუსეთის ძალები კიევის მიმართულებით ბელარუსიდან კვლავ დაიძრან.

კომენტარები