მიხეილ სააკაშვილი

"პუტინმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, ციხეში მომწამლეს" – სააკაშვილი რუს უფლებადამცველს

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს, მარკ ფეიგინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ციხეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით მოწამლეს. 

წერილს ფეიგინი საკუთარ Twitter-ზე აქვეყნებს.  

"ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს! მადლობა მხარდაჭერისთვის. მე თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ, ახლაც მუდმივად გიყურებთ. პუტინმა ნამდვილად გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დაადგინეს, რომ მე ციხეში მომწამლეს და ამან ჩემი ყველა სიმპტომი გამოიწვია. ვცდილობ, გავუძლო. წარმატებას გისურვებთ თქვენს კეთილშობილურ საქმეში". - წერს სააკაშვილი.  

"მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს გავაკეთებთ, მიხეილ ნიკოლოზივიჩი მოკვდება". - დაწერა ფეიგინმა.   

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები