მიხეილ სააკაშვილი

"სიმპტომთა უმრავლესობა მოწამვლის შედეგია" – დევიდ სმიტის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

სააკაშვილი

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში. 

სმიტის თქმით, მძიმე მეტალების უმრავლესობა, მათ შორის, ვერცხლისწყალი სააკაშვილის ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა და მათი მიღება ხელს უწყობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას. 

“ჩემი ექსპერტული შეფასებით, ამ ტოქსიკური ნივთიერებების სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში აღმოჩენით მივდივართ დასკვნამდე, რომ ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში პატიმრობის შემდეგ მოხვდა". - ვკითხულობთ სმიტის დასკვნაში. 

სმიტის მიხედვით, სააკაშვილს მკაფიო ჩვენებების გარეშე დაენიშნა ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათ შორის, ფენიბუტი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.

ჩემი შეფასებით, მსგავსი მედიკამენტების თანადროული მიღება, დამტკიცებული ჩვენების გარეშე, როგორც ეს სააკაშვილის სამედიცინო ისტორიიდან ჩანს, სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს ზრდის და დამოკიდებულებას იწვევს“. - წერს სმიტი. 

სმიტის შეფასებით, ისეთმა ძლიერმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების მიღებამ, როგორიცაა ფენიბუტი, ოპიოდების გამოყენებასთან ერთად, გამოიწვია სააკაშვილის ავადობა და სიკვდილიანობის მზარდი საფრთხე.

სმიტმა დასკვნაში ჩამოთვალა ის 14 მედიკამენტი, რომლებიც სააკაშვილმა პატიმრობის პერიოდში მიიღო და რომლებმაც, მისი თქმით, ტვინის დისფუნქცია გამოიწვია. სმიტი დასძენს, რომ ექსპრეზიდენტს ტვინის სათანადო რეგენერაციისთვის წამლებისგან ხანგრძლივი დეტოქსიკაცია დასჭირდება, რისთვისაც ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ.  

პროფესორი დევიდ სმიტი სპეციალიზებულია ნარკოტიკული საშუალებების ფსიქო-ფარმაკოლოგიაში. ის ძირითადად ნარკოტიკების მოხმარების პრობლემების მართვის მიმართულებით მუშაობს. სმიტი Haight Ashbury Free Clinics-ის დამფუძნებელი და კალიფორნიის შტატის ალკოჰოლისა და ნარკომანიის პროგრამების ყოფილი დირექტორია. ასევე, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალ ფსიქოაქტიური ნარკოტიკების დამფუძნებელი და გამომცემელია.

აქამდე, 1-ელ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევის დასკვნას გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს - მათგან, დაახლოებით, 10, ემპათიას ცნობით, პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები