რუსეთი

აშშ-ს ციხიდან გათავისუფლებული ბუტის მონაწილეობით, ЛДПР-მ ოკუპირებულ უკრაინაში ოფისი გახსნა

ვიქტორ ბუტი გათავისუფლების შემდეგ
РИА Новости

17 დეკემბერს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის მონაწილეობით, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (ЛДПР) ოკუპირებულ უკრაინაში, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ფილიალი გახსნა.

ბუტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-მ რუსეთის მიერ დაპატიმრებულ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერში გაცვალა, 12 დეკემბერს გაწევრიანდა ЛДПР-ში, რომლის წევრიც ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი სიცოცხლის ბოლომდე იყო.

ოკუპირებულ უკრაინაში ვიქტორ ბუტმა ფილიალი პარტიის ლიდერ ლეონიდ სლუცკისთან ერთად გახსნა. 

"მთელ ამ რვა წელს ყურადღებით ვაკვირდებოდი დონბასში მიმდინარე მოვლენებს. და იცით, თქვენი მაგალითმა ჩემთვის დიდი როლი ითამაშა, დამეხმარა, რადგან თქვენ ყველა გმირები ხართ. თქვენი აი ასეთი ნება, მიზანდასახულობა და ის, რომ არა მხოლოდ გაუძელით, არამედ გაიმარჯვეთ, დაბრუნდით რუსეთში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ყველას დიდი მადლობა. თქვენ ჩემთვის იყავით შთაგონება, რომელმაც მეც მომცა სამშობლოში დაბრუნების საშუალება, როგორც მთელი დონბასი დაბრუნდა რუსეთში. მადლობა". – თქვა ვიქტორ ბუტმა ოკუპირებულ ლუგანსკში პარტიის ფილიალის გახსნის ცერემონიაზე. 

ამას გარდა, 18 დეკემბერს ვიქტორ ბუტის მონაწილეობით რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ოფისი ჩეჩნეთში, გროზნოშიც გახსნა

კომენტარები