ჰოლოდომორი

გერმანიამ ჰოლოდომორი გენოციდად გამოაცხადა

გერმანიის პარლამენტმა 1930-იან წლებში საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის დროს უკრაინის მასობრივი შიმშილობა გენოციდად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი მსგავს ტაქტიკას იყენებს მიმდინარე ომში.

როგორც ბუნდესტაგის მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, ჰოლოდომორი წარმოადგენს "დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ“, რომელზე პასუხისმგებელიც არის იოსებ სტალინი და  საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ასევე მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ხმა მისცა ბუნდესტაგში რეზოლუციას ჰოლოდომორის გენოციდად გამოცხადების შესახებ.

იქამდე, 23-24 ნოემბერს, ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა აღიარეს. მათ გარდა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად კიდევ 19 ქვეყანას აქვს აღიარებული.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები