მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე: ადამიანი კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფება, სასამართლოში გასვლა რეკომენდებული არაა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, "ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში". ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია" უწოდა. საგანგებო ბრიგინგზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში "მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით გადაიყვანეს", რადგან დანიშნულ მედიკამენტოზურ მკურნალობას "სრულყოფილად არ იტარებდა".

რატი ბრეგაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უკვე მიმართეს და "ექსპერტიზა ჩანიშნულია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სამსახურაულის ბიუროს ასევე სთხოვეს ტოქსიკოლიგიური ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, მსჯავრდებულმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კითხვაზე, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რატომ არ მისცეს ექიმებმა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება, იუსტიციის მინისტრი ასე პასუხობს:

"როგორც მოგეხსენებათ, ამაზე გააკეთა სამედიცინო პერსონალმა განცხადება, მათ არ გაუწიეს რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში და ჩვენც შესაბამისად დავემორჩილეთ. იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის ბუნებაში. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და არა საავადმყოფოდან" - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, "რა დიაგნოზებიც არის დასმული, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას ვივამედში და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ".

რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას, რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და "მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია".

"კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული...

თუ საუბარია სასჯელის გადადებაზე, უნდა მიმართონ სასამართლოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე და ამაზე მსჯელობს სასამართლო, გადაუვადდეს სასჯელი თუ გათავისუფლდეს სასჯელიდან, სხვა ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. რადგან ჩვენ მტკიცედ ვიცავთ კანონის წინაშე თანასწორობას, კიდევ ერთხელ განვმეორედები, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული" - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები