კატარი 2022

LGBT დროშა ეგონათ – კატარში ჟურნალისტს ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს

Sky News

ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებს, ბრაზილიის შტატ პერნამბუკოს დროშა წაართვეს. კატარელებმა რეგიონალური დროშა LGBT დროშად მიიჩნიეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ბრაზილიელი ჟურნალისტის, ვიქტორ პერეირას თქმით, საუდის არაბეთისა და არგენტინის მატჩიდან გამოსვლისას მას რამდენიმე ადგილობრივი მიუახლოვდა და პერნამბუკოს დროშა წაართვა. პერეირამ ვიდეოს გადაღება სცადა, მაგრამ კატარელებმა ტელეფონიც წაართვეს. 

"თეთრკაბიანმა ტიპმა დროშა ხელიდან გამომგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით გათელა. ტელეფონი ამოვიღე, ვიდეოს გადაღება დავიწყე, ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, რომ იმ შემთხვევაში დამიბრუნებდა, თუ ვიდეოს წავშლიდი. ამ დროს პოლიციელი მოგვიახლოვდა, ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა. დავთანხმდი, იმიტომ, რომ ტელეფონი სამუშაოს გასაგრძელებლად მჭირდებოდა". – ამბობს ჟურნალისტი.

მოგვიანებით პერეირამ სოციალურ ქსელში სხვის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

პერეირას მხარდაჭერა გამოუცხადა შტატ პერნამბუკის გუბერნატორმა პაულო კამარამ.

21 ნოემბერს ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდების, უელსის, შვეიცარიის, დანიის და ბელგიის ნაკრებებს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე OneLove სამკლავურით გამოსვლა აუკრძალეს.

22 ნოემბერს უელსის ქალთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ლორა მაკალისტერს აშშ-უელსის მატჩზე არ უშვებდნენ. მიზეზი LGBT დროშიანი ქუდი გახდა.

კატარში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების თქმით, LGBT დროშებმა შესაძლოა გააღიზიანოს ადგილობრივი გულშემატკივარი და სტადიონებზე სიმბოლიკის აკრძალვა პირველ რიგში მაყურებლის უსაფრთხოებას ემსახურება.

კომენტარები