კატარი 2022

უელსის ნაკრების ყოფილ კაპიტანს LGBT დროშიანი ქუდით თამაშზე არ უშვებდნენ

BBC

უელსის ქალთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ლორა მაკალისტერს აშშ-უელსის მატჩზე არ უშვებდნენ. მიზეზი LGBT დროშიანი ქუდი გახდა. 

"იგივე ქუდი არაერთ გულშემატკივარს ეხურა, შესვლისას შევამჩნიე, რომ მათ აჩერებდნენ და ქუდის მოხდას სთხოვდნენ. იგივე მითხრეს მეც, მე ვუპასუხე, რომ UEFA-ში ვმუშაობდი და ყველა რეგულაცია ვიცოდი, მოვთხოვე პასუხი, თუ რომელი რეგულაციით მეკრძალებოდა ამ ქუდით სტადიონზე შესვლა, მათ პასუხი ვერ გამცეს". – იხსენებს ფეხბურთელი.

საბოლოოდ მაკალისტერის თქმით ქუდი სტადიონზე მალულად შეიტანა.

21 ნოემბერს ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდების, უელსის, შვეიცარიის, დანიის და ბელგიის ნაკრებებს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე OneLove სამკლავურით გამოსვლა აუკრძალეს.

კატარში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების თქმით LGBT დროშებმა შესაძლოა გააღიზიანოს ადგილობრივი გულშემატკივარი და სტადიონებზე სიმბოლიკის აკრძალვა პირველ რიგში მაყურებლის უსაფრთხოებას ემსახურება.

მაკალისტერი 1994-1998 წლებში უელსის ქალთა ნაკრების კაპიტანი იყო. მოგვიანებით მუშაობდა UEFA-ში.

კომენტარები