კატარი 2022

FIFA-ს ზეწოლის შედეგად, ნაკრების კაპიტნები ONELOVE სამკლავურით ვერ ითამაშებენ

Goal

ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდების, უელსის, შვეიცარიის, დანიის და ბელგიის ნაკრებები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე OneLove სამკლავურის გარეშე ითამაშებენ.

გადაწყვეტილება ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებმა FIFA-ს ზეწოლით მიიღეს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აღნიშნული ნაკრებები მოედანზე OneLove სამკლავურით ასპარეზობას აპირებდნენ, თუმცა FIFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოედანზე სამკლავურით გასული ფეხბურთელი(საუბარია გუნდის კაპიტნებზე) ყვითელ ბარათს მიიღებდა.

"FIFA-მ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და სანქციებით დაემუქრა გუნდებსა და მოთამაშეებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვთხოვეთ კაპიტნებს თამაშებზე სამკლავურებით არ გამოვიდნენ. FIFA-ს გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, OneLove სამკლავური ფეხბურთში ინკლუზიურობის სიმბოლოა". – წერია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

სამკლავურზე გულის ფორმის LGBT დროშაა გამოსახული. პირველად OneLove სამკლავურები ნაკრებების კაპიტნებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიკეთეს. OneLove კამპანია ინკლუზიურობისა და LGBT უფლებების წახალისებას ემსახურება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები ხშირად საუბრობენ მრავალფეროვნებასა და ადამიანთა უფლებებზე, კატარში ანტი-LGBT კანონები მოქმედებს. მსოფლიო ჩემპიონატის წესების მიხედვით კაპიტნებს, მხოლოდ FIFA-სთან შეთანხმებული სამკლავურების ტარება შეუძლიათ, OneLove კამპანია FIFA-ს ჩამონათვალში არ მოხვდა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უფლებათა დამცველები კატარში ჩემპიონატის გამართვის კრიტიკის პასუხად ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

რატომ ტარდება ჩემპიონატი კატარში? 

კატარის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხად რჩება მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ქვეყანამ მასპინძლობის მოსაპოვებლად დაამარცხა სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და აშშ, მაგრამ იყო ბრალდებები პროცესში ფართო კორუფციის შესახებ. რასაც კატარი ყოველთვის უარყოფდა.

კატარს ბრალად ედებოდა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ფიფას ოფიციალურ პირებისთვის 3 მილიონი ფუნტის (3.7 მილიონი დოლარის) ქრთამის გადახდა, მაგრამ ორწლიანი გამოძიების შემდეგ ქვეყანა უდანაშაულოდ ცნეს

იმ დროს ფიფას მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზეპ ბლატერმა მხარი დაუჭირა, ჩემპიონატის კატარში ჩატარებას, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. 

2010 წელს - როცა კატარი მასპინძელ ქვეყნად შეირჩა, მას აკლდა ტურნირისთვის საჭირო სტადიონები, სასტუმროები და გზატკეცილები. ამ ყველაფრის ასაშენებლად მიგრანტი მუშების დასაქმება დაიწყეს. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი შეადგენს სამუშაო ძალის 90%-ს ან მეტს. სწორედ ამ მშენებლობებისას დაიღუპა 6 500 მიგრანტი, Guardian-ის ცნობით. 

კომენტარები