რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

NATO-ს და G7-ის ლიდერები: მხარს ვუჭერთ და დავეხმარებით პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დიდი ოცეულის სამიტზე (G20) მყოფი NATO-ს და დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებმა პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენ ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამშაბათს განახორციელა.

ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვართან, აღმოსავლეთ პოლონეთში მომხდარი აფეთქება. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კონტაქტში გამოძიების მიმდინარეობისას შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.

ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე. ასევე, ვადასტურებთ მზადყოფნას, ვაგებინოთ რუსეთს პასუხი უკრაინულ მოსახლეობაზე თავხედური თავდასხმებისთვის მაშინაც, როდესაც დიდი ოცეული შეკრებილია ომის უფრო ფართო შედეგებთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს პოლონეთსა და უკრაინაში"

ერთობლივ განცხადებას კანადის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ლიდერები აწერენ ხელს.


16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები