მარნეულში თეირანთან ღიად დაკავშირებული ორგანიზაცია "აჰლი ბეითის" მიერ გამართული "თასუას" ყოველწლიური რელიგიური მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს მაისურზე ირანული რეჟიმის სასულიერო და საერო პირების, ასევე ჰეზბოლას ყოფილი ლიდერის სახეები ჰქონდათ გამოსახული.
მარცხენა სურათზე მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილის მაისურზე გამოსახული აიათოლა ალი ხამენეი ჩანს, რომელიც თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს. მარჯვენა მაისურზე კი ჩანს წარწერა: "ჩვენი მოწამეები ლიდერები არიან," რომლის ქვეშაც გამოსახულნი არიან ალი ხამენეი, ჰასან ნასრალა, ყასემ სოლეიმანი და აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.
ჰასან ნასრალა ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც 2024 წელს ისრაელმა მოკლა. ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი, და ერაყში მოქმედი პროირანული შეიარაღებული დაჯგუფების ლეიტენანტი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბრძანებით, საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.
ცნობისთვის, ორგანიზაცია "აჰლი ბეითის" თავმჯდომარე ახუნდი რასიმ მამედოვია, რომელიც პარალელურად ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთსაც ხელმძღვანელობს. ჰადსონის კვლევის მიხედვით, რასიმ მამედოვი 2019 წლიდან მოყოლებული აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) იმ პირთა სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ამერიკულ რეისებზე ფრენა ეკრძალებათ, რაც ჩვეულებისამებრ ტერორიზმის რისკით არის განპირობებული.
მარნეულში გამართულ "თასუას" მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო იმამ ალის მეჩეთის ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმაც, რომელმაც თებერვალში ქადაგებისას აშშ-ს "რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი" უწოდა, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალ ხამენეის სოლიდარობა გამოუცხადა და მსმენელებს მოუწოდა, "მუჯთაჰიდს" ფიზიკურად დასდგომოდნენ გვერდში.





